საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელა ჩამოყალიბდა 1965 წელს. კოლექტივმა მუსიკალურ საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა, მისი პირველი ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გახლდათ რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე იუზა კუბლაშვილი, რომელიც 24 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა გუნდს (1965-1989)
ვაჟთა გუნდის შემადგენლობაში თავიდან 15 კაცი იყო. პირველი კონცერტი 1966 წლის 15 მაისს სპორტის სასახლეში ჩატარდა, რომელმაც გუნდს დიდი წარმატება მოუტანა. პრესამ მაღალი შეფასება მისცა მათ გამოსვლას. რიცხობრივმა შემადგენლობამ შემდეგ 70 კაცს მიაღწია.
საკავშირო ფესტივალის ორგზის ლაურეატი, ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელა 1969 წელს მიიწვიეს მოსკოვში, სადაც კონცერტები გამართეს სახალხო მეურნეობის მოღვაწეთა გამოფენაზე.
1970 წელს გუნდი ქ. ყაზანში გამართული ფესტივალის ლაურეატი გახდა.
1976 წელს ოთარ თაქთაქიშვილის “მეგრული სიმღერების ციკლი” აჟღერდა ორკესტრთან ერთად, ავტორის დირიჟორობით. სოლისტი გახლდათ საქართველოს სახალხო არტისტი ზურაბ სოტკილავა. წარმატება ძალიან დიდი იყო.
კაპელის ყოველი წინსვლის მოწმე და მონაწილე იყო მისი ქორმეისტერი სოსო ფალავანდიშვილი, რომელიც 1981 წლიდან მისმა ქალიშვილმა ციცინო ფალავანდიშვილმა შეცვალა. მან ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა ქორმეისტერად, ხოლო 1989 წლიდან დღემდე იგი გახლავთ ს.ტ.უ-ს ვაჟთა სახალხო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მისი ხელმძღვანელობით კაპელამ ახალი საერთაშოერისო აღიარება მოიპოვა.
1989-91 წწ. ვაჟთა გუნდი იმყოფებოდა ქ. რიგაში გამართულ ვაჟთა გუნდების კონკურსზე “რიგას გაილის”, სადაც ლაურეატობა დაიმსახურა. აქვე მან მიიღო სპეციალური პრიზი ხალხური სიმღერების შესრულებისთვის და მაყურებელთა სიმპატიის პრიზი.
1990 წელს კოლექტივი გახდა “თბილისი 90”-ის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.
1997 წელს ქ. პოზნანში (პოლონეთი) გუნდი გახდა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი.
სტუ-ს ვაჟთა კაპელა არის “სტუდენტური დღეები-96-97”- გრან–პრის მფლობელი.
2005 წელს ვაჟთა ვოკალური ანსამბლი გახდა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი საბერძნეთში (როდოსის კუნძული)
2001-2005 წწ. ყოველწლიურად ატარებდა საანგარიშო კონცერტებს სხვადსხვა საკონცერტო დარბაზებში.
მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში.
2007-2009 წწ. მიიღო მონაწილეობა პროექტში “თაობა 21”
კაპელის რეპერტუარშია ქართული ხალხური სიმღერები, ქართველ კომპოზიტორთა და დასავლეთ ევროპის კლასიკოსთა საგუნდო ნაწარმოებები, ამერიკული სპირიჩუელსები.
ამ კოლექტივში დაიწყეს მოღვაწეობა: მუსიკისა და დრამის მსახიობმა ნოდარ მეძმარიაშვილმა, რესპუბლიკის სახალხო არტისტმა, ოპერის თეატრის სოლისტებმა თეიმურაზ გუგუშვილმა და გია ასათიანმა. ასევე შემდეგმა ტრიოებმა “ცისფერი ტრიო”, ტრიო “თბილისი”, ტრიო “სიმი”.